აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მიმდინარეობს ირანის მხრიდან მოლაპარაკებები ომის შეწყვეტაზე და სულ უფრო სერიოზულად განიხილავს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განახლებას. ამის შესახებ CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ტელეარხის ცნობით, ტრამპი მოთმინებას კარგავს ჰორმუზის სრუტის გახანგრძლივებული ჩაკეტვის გამო და ასევე იმ განცდის გამო, რომ ირანის შიგნით არსებული დაპირისპირება ხელს უშლის ირანს ბირთვულ პროგრამაზე სერიოზულ დათმობებზე წავიდეს.
მისი შეფასებით, ირანის ბოლო პასუხი, რომელსაც მან აბსოლუტურად მიუღებელი, რამდენიმე ოფიციალურ პირს აფიქრებინებს, რომ თეირანი მოლაპარაკებებისთვის სერიოზულად არ არის მზად.
წყაროების თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციაში განსხვავებული პოზიციებია: ნაწილი, მათ შორის პენტაგონის ზოგიერთი წარმომადგენელი, მხარს უჭერს უფრო მკაცრ ზეწოლას ირანზე - მათ შორის მიზნობრივ დარტყმებსაც, რათა ქვეყანა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდეს, ხოლო სხვები კვლავ დიპლომატიური გზის გაგრძელებას ემხრობიან.
ტრამპის გარემოცვაში ბევრი მიიჩნევს, რომ პაკისტანელი შუამავლები ირანელებთან კომუნიკაციაში უფრო პირდაპირები უნდა იყვნენ.
ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი ასევე ფიქრობს, რომ პაკისტანი ხშირად აშშ-ს ირანის პოზიციის ზედმეტად ოპტიმისტურ ვერსიას აწვდის, რომელიც რეალობას არ ასახავს.
წყაროების თქმით, რეგიონში რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის პაკისტანი, აქტიურად ცდილობს ირანს მიაწოდოს მესიჯი, რომ ტრამპი უკმაყოფილოა და ეს შეიძლება იყოს თეირანისთვის უკანასკნელი შანსი სერიოზული დიპლომატიური ნაბიჯებისთვის.
ორშაბათს ტრამპი თეთრ სახლში კვლავ შეხვდა ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, რათა მომდევნო ნაბიჯები განეხილა.
წყაროების თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ არ მიიღება მანამდე, ვიდრე პრეზიდენტი ჩინეთში ვიზიტით გაემგზავრება, რაც სამშაბათს არის დაგეგმილი.