ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა განაცხადა, რომ ევროპის ლიდერებმა რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყონ და დასძინა, რომ მშვიდობის მიღწევის საკითხი წელს, სავარაუდოდ, არ განიხილება.
„დროა, რუსეთთან საუბარი დავიწყოთ. როდის მოხდება ეს, არ ვიცი“, – განაცხადა სტუბმა.
სტუბმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა რუსეთისა და უკრაინის მიმართ ევროპის ინტერესებს აღარ ემთხვევა, ამიტომ ევროპამ მოსკოვთან დამოუკიდებლად უნდა დაიწყოს კომუნიკაცია.
მისი შეფასებით, მშვიდობის პერსპექტივა მოკლევადიან პერიოდში რეალისტური არ არის, თუმცა ევროპაში უკვე განიხილავენ, ვინ შეიძლება დაამყაროს კონტაქტი რუსეთთან - სპეციალურმა წარმომადგენელმა თუ ლიდერთა ჯგუფმა.
სტუბმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყველა ნაბიჯი კოორდინირებული უნდა იყოს ევროპის შიგნით, განსაკუთრებით E5-ის ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი) და ასევე ჩრდილოეთ და ბალტიის ქვეყნების მონაწილეობით.
ამასთან, მან თქვა, რომ ევროპამ აშშ-ისა და ირანის კონფლიქტის დროს უფრო დამოუკიდებელი პოზიცია დაიკავა, რადგან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპა ოპერაციამდე არ ჩართო კონსულტაციებში. მისი თქმით, ევროპა ახლა ელოდება ვაშინგტონისა და თეირანის შეთანხმებას და იმედოვნებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა მიღწეული იქნება.