აშშ და საქართველო გააგრძელებენ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების მცდელობებს, მაგრამ ამისათვის სამხედრო ძალას კი არ გამოიყენებენ, არამედ უფრო "რბილ მეთოდებს" მიმართავენ. ეს განცხადება რუსეთის გეოპოლიტიკური აკადემიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, სამხედრო ექსპერტმა კონსტანტინე სივკოვმა გააკეთა.
"სამხრეთ ოსეთს ისევე როგორც აფხაზეთს მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობა აქვს. ეს კავკასიის ერთ-ერთი გასაღებია. დღეისთვის ამ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება აშშ-ისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ვინაიდან ამით იქმნება პლაცდარმი კასპიის ზღვაზე გასასვლელად და ირანზე თავდასხმისთვის", _ აცხადებს სივკოვი და დასძენს, რომ თბილისის მიერ კონტროლის დამყარება აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთზე მას საშუალებას მისცემს რუსეთის ჩრდილოკავკასიაზე მოახდინოს გავლენა.
"დარტყმები სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. შეიძლება აშშ-ის საერთო გეოპოლიტიკურ სტრატეგიას გადავხედოთ. ახლა ისინი "ხისტი ძალის" კონცეფციიდან "რბილი ძალის" კონცეფციაზე გადადიან. ასე რომ, ელოდეთ "რბილი ძალის" გამოყენებას", _ აცხადებს რუსი ექსპერტი.