აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მაღალმთიანი რაიონები მოინახულა. გადაუღებელი წვიმების გამო ქედის რაიონში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, ჩაიკეტა ქედა-ზვარეს მონაკვეთი. ლევან ვარშალომიძე იქ მიმდინარე გზის გამწმენდ სამუშაოებს გაეცნო.
"ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები", - აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.
დღესვე ლევან ვარშალომიძე რაიონის გამგებლებს შეხვდა. შეხვედრაზე აჭარის მაღალმთიანეთში დღეისთვის არსებული მდგომარეობა შეაჯამეს და პრობლემების დროულად გადაჭრაზე იმსჯელეს. კონკრეტული დავალებები მიიღო "ენერგო პრო-ჯორჯიას" წარმომადგენელმა, როგორც აჭარის პირველმა პირმა აღნიშნა უნდა გააქტიურდეს სამუშაოების მიმდინარეობა მაღალმთიან რაიონებში ელექტრომომარაგების პრობლემის აღმოსაფხვრელად.