აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს წარსულში ქურდობისთვის, სხეულის განზრახ და მძიმე დაზიანებისთვის, მრავალჯერ ნასამართლევი 33 წლის ზვიად ოთარის ძე ბახტაძე და 28 წლის კახა ედნარის ძე ბახტაძე.
აჭარის პოლიციის თანამშრომლების მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ზვიად ბახტაძე შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით და იმყოფებოდა კახა ბახტაძის საცხოვრებელ ბინაში, ასევე გამოძიებისთვის ცნობილია, რომ ზვიად ბახტაძე მონაწილეობას იღებდა ე/წ ქურდულ გარჩევებში.
გატარებული ოპერატიული ღონისძიების დროს, ბინაში შესვლისას ზვიად ბახტაძემ პოლიციის თანამშრომლებს გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა, გახსნა ცეცხლი სამართალდამცავების მიმართულებით, რა დროსაც მარჯვენა მკლავის არეში დაიჭრა, აჭარის პოლიციის თანამშრომელი დავით რიჟავაძე, რომელიც გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 236-ე და 353-ე მუხლებით.