სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ მერე როგორ მდგომარეობაში არიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.
„სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ მერე როგორ მდგომარეობაში არიან. ღალატს აქვს თავისი მორალური ზღვარიც. ადამიანი, მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში, სოცქსელებით გაგულიანებული, თავი ჰგონია, რომ არის რაღაცნაირად უმრავლესობის ხმის გამჟღერებელი. საქმე საქმეზე რომ მიდგება, გამოჩნდება, რომ არიან ჩვეულებრივი ჭორიკანები, თან მოღალატე ჭორიკანები და თან მოღალატე ჭორიკანები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორი გონორით გამოდიან ხოლმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ბევრი ვნახეთ. არ ვიცი რა სათქმელი აქვთ, რით შევა და რით გამოვა, მაგრამ ეს ნანახი გვაქვს უკვე. მნიშვნელოვანია და მივესალმები იმას, რომ უსაფრთხოების სამსახური ასე აქტიურად იბარებს ყველას. როდესაც ასეთი მდგომარეობაა, ახალი ომები იწყება, ახალი კონფლიქტები იწყება, ჩვენი მეხუთე კოლონა გამოდის და პირდაპირ სამიზნეებს აძლევს... ლამის კოორდინატების დონეზე აძლევს: ამას ესროლე, იმას დაარტყი, ამას დაესხი თავს, ეს ქენი, ის ქენი. ქვეყანაში გვყავს მეხუთე კოლონა.
2022 წელს ომი როცა დაიწყო, თითქოს აქ რუსული დივერსანტები იყვნენ შემოსულები და კედლებზე რაღაცებს ხატავენო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვიღაც ხელოვანი კატას ხატავდა. ზუსტად ეს დივერსანტები გვყავს შიგნით, რომელიც წლების განმავლობაში კვებეს ფულით. იმიტომ არის დღეს ასეთი აგრესია დონორებისგან რომ იციან, ეს არხები გაჩერდება საქართველოს შიგნით მეხუთე კოლონის და მოღალატეების დაფინანსებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.