სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით კიდევ ერთი აქტივისტი, იმედა კლდიაშვილი დააკავეს. მისი ადვოკატი, ბორის ჩელე ყურუა აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, თუ კონკრეტულად რას ედავებიან კლდიაშვილს. თუმცა, ის ვარაუდობს, რომ კლდიაშვილი „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ არის დაკავებული.
"იმედა არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოხატავდა თავის სათქმელს. მე ძალიან მინდა, მოგიყვეთ მისი დაკავების დეტალები და ის თუ რისთვის დააკავეს და თავად როგორი აზრი აქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო, როგორც ყოველთვის, ახლაც არ გვეუბნება სად ყავთ და მე, მის უფლებადამცველს არ მაძლევენ საშუალებას სასამართლო პროცესამდე გავესაუბრო.
სავარაუდოდ მოითხოვენ პატიმრობას და ყველანაირი არგუმენტაციის გარეშე ამ ადამიანს გაუშვებენ ციხეში.
რუსთაველის გადაკეტვა კი არ უშლით ნერვებს, ნერვებს უშლით, რომ მთელი საქართველო მათი მონაა და იქ რომ ვიღაც ადამიანი გამოდის და ამბობს, აფიქსირებს იმას, რისი მოსმენაც "ქართულ ოცნებას" არ უნდა, ეგ უშლით ნერვებს. უნდათ ახლა თავის ამომრჩეველს აჩვენონ, რომ ეხლა ციხეებში გაუშვან და ამ ხალხს ციხეების შეეშინდება და აღარსად აღარ გამოვლენ. მგონი, უნდა მიმხვდარიყვნენ ამ 1 წლის განმავლობაში, რომ არ ეშინიათ," - განუცხადა ბორის ჩელე ყურუამ "ტბ პირველს".
ყურუასთვის დაკავებულის ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. მისი ვარაუდით, კლდიაშვილის მიმართ სასამართლო ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე დიდი ალბათობით, დღესვე იმსჯელებს.