საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ პარიზის ლა სანტეს ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოხდა დაიწყო.
სარკოზი აპროტესტებს როგორც გამამტყუნებელ განაჩენს, ასევე მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას სააპელაციო საჩივრის განხილვის დასრულებამდე აპატიმრებენ.
სარკოზიმ დაპატიმრებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უდანაშაულოა.
„უდანაშაულო ადამიანი დააპატიმრეს. არ ვითხოვ არანაირ უპირატესობას ან შეღავათს. სიმართლე გაიმარჯვებს“, – დაწერა ნიკოლა სარკოზიმ.
მანამდე, პარიზის იმ უბანში, სადაც სარკოზი მეუღლესთან, კარლა ბრუნი-სარკოზისთან ერთად ცხოვრობს, 100-ზე მეტი მხარდამჭერი შეიკრიბა და ექსპრეზიდენტი გააცილა. ისინი სკანდირებდნენ: „ნიკოლა, ნიკოლა“, ასევე საფრანგეთის ჰიმნს მღეროდნენ. ახლომდებარე ღობეზე ორი ფრანგული დროშაა ჩამოკიდებული წარწერით: „მხნეობა ნიკოლა, მალე დაბრუნდი“ და „ნამდვილი საფრანგეთი ნიკოლასთან ერთად“.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, როდესაც სარკოზი ციხეში მივიდა, საკნებიდან პატიმრების შეძახილი ისმოდა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, „სარკოზი აქ არის“.
ამასთან, ციხის დირექტორის განცხადებით, სარკოზი საკანში მარტო იქნება. მას დღეში ორჯერ ექნება სეირნობისა და დასასვენებელი ცენტრის მონახულების შესაძლებლობა, თუმცა სხვა ადამიანებთან კონტაქტის გარეშე.
სარკოზიმ გამოცემა Le Figaro-ს განუცხადა, რომ ციხეში სამი წიგნის წაღების უფლება აქვს და ამ წიგნებს შორის იქნება ალექსანდრე დიუმას „გრაფი მონტე-კრისტო“.
25 სექტემბერს ნიკოლა სარკოზის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 100 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. საფრანგეთის სასამართლომ ის ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო ე.წ. „ლიბიის საქმეში“. კერძოდ, დანაშაულებრივ შეთქმულებაში, რომლის ფარგლებში მას ბრალად ედებოდა 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან დაფინანსების მიღების მიზნით, გარიგებაში მონაწილეობა. 70 წლის სარკოზის სააპელაციო სასამართლოში გათავისუფლების მოთხოვნით სარჩელის შეტანა მხოლოდ ციხეში მოხვედრის შემდეგ შეეძლება, რის შემდეგაც მოსამართლეებს მოთხოვნის განსახილველად ორ თვემდე ვადა ექნებათ.