სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენის ვადები მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მირზოიანმა DW-ტან ინტერვიუში ისაუბრა.
მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთს აქვს კანონი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას.
„ზუსტად ვერ გეტყვით, როდის წარვადგენთ განაცხადს: შესაძლოა, ეს მომავალ თვეში მოხდეს, ან შესაძლოა, მომავალ წელს. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ეს ჩვენი ოფიციალური პოლიტიკაა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ევროკავშირთან მუშაობა, რაც მნიშვნელოვნად აღრმავებს ორმხრივ ურთიერთობებს.
„ჩვენ გვაქვს ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება სომხეთსა და ევროკავშირს შორის. ასევე, ჩვენ უკვე დავიწყეთ სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესი.
„ვფიქრობ, ეს პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე ახალ დოკუმენტზე და დავასრულეთ მუშაობა ახალ პარტნიორობის პროგრამაზე“, - დასძინა მან.
კითხვაზე, თუ რამდენად მალე შეიძლება მოხდეს ევროკავშირთან ვიზების გამარტივება, თუ ასეთი შეთანხმება მიღწეული იქნება, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „რთულია პროგნოზირება. თუმცა, შეიძლება ითქვას, ორი წელი. ერთი ან ორი წელი სრულიად რეალისტური ვადებია,“ - აღნიშნა მინისტრმა.