4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტს მარიამ მეყანწიშვილს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 - ლარიანი გირაო შეუფარდა. კიდევ ოთხ დაკავებულს - იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, თემურ ქურციკიძესა და გიორგი ტალახაძეს კი პატიმრობა.
პროკურატურა მათ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ასევე ჯგუფურად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავება.
4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში პოლიციამ გუშინ კიდევ 16 პირი დააკავა, სულ დაკავებულია 62 ადამიანი.
აქციის ფარგლებში დაკავებულ თემურ ქურციკიძეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.