შაბათს, რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქზე დრონებით შეტევა იყო.
ინფორმაციას ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ დროზდენკო, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი და რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის ტრანსპორტის პროკურატურა ავრცელებენ.
საფრთხის გამო, პულკოვოს აეროპორტმა დროებით შეაჩერა მუშაობა და ათობით რეისი გადაიდო.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ ტოსნენის რაიონში ერთი დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.
მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ იქ კიდევ სამი დრონი ჩამოაგდეს, ასევე თითო-თითო კირიშსა და გაჩინაში.
დროზდენკომ მოუწოდა რეგიონის მაცხოვრებლებს, თავი შეიკავონ სამრეწველო ზონებთან, საწარმოებთან და საზოგადოებრივ ადგილებთან შეკრებისგან, საჰაერო სივრცეში დრონების დიდი რაოდენობის გამო.
მან ასევე განაცხადა, რომ ყველა ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა.
სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრ ბეგლოვმა განაცხადა, რომ პუშკინის რაიონში დრონი ჩამოაგდეს. მისი თქმით, ეს საცხოვრებელი შენობებიდან მოშორებით მოხდა.
მოგვიანებით მან დაადასტურა კიდევ ერთი დრონის ჩამოგდების შესახებ სანქტ-პეტერბურგის კრასნოსელის რაიონში.