NBC News-ის ცნობით, ირანის მხრიდან არსებული საფრთხეების გამო, აშშ ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ბაზებიდან ჯარების გაყვანასა და რეგიონში დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებას იწყებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში აშშ შეუმჩნევლად ამცირებს სამხედრო ბაზებზე საკუთარი ძალების ყოფნას. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რეგიონში მდებარე რამდენიმე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში თანამშრომელთა რაოდენობის დამატებით შემცირების განკარგულება გასცა.
როგორც გამოცემას აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა და კიდევ ორმა წყარომ განუცხადეს, სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის შემცირება რეგიონში არსებული მუდმივი საფრთხეების საპასუხო ზომაა და იმ დროს ხდება, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო მოქმედებების შესაძლებლობას განიხილავს.
აშშ-ის ოფიციალური პირისა და ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ამერიკული ძალების შედარებით უსაფრთხო ადგილებში გადაყვანა აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობის გეგმების ნაწილია, რადგან ტრამპი ირანში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლების შესაძლებლობას განიხილავს.
წყაროების ინფორმაციით, საუბარია იორდანიაში, კატარსა და ქუვეითში მდებარე სამხედრო ბაზებზე. მიუხედავად ამისა, აშშ ამ ქვეყნებში სამხედრო მოსამსახურეთა მცირე კონტინგენტის დატოვებას გეგმავს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად. მსგავსი მიდგომა ვაშინგტონმა ირანთან ომის დაწყებამდე სამხედრო ძალების გადაადგილების შემდეგაც გამოიყენა.
ამასთან, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა, ტიმოთი ჰოკინსმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები და სამხედრო ტექნიკა ერთი ადგილიდან მეორეზე რეგულარულად გადაჰვყავთ.
„ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები და სამხედრო ტექნიკა რეგულარულად გადაგვყავს ერთი ადგილიდან მეორეზე, რათა ამოცანების შესასრულებლად მზადყოფნა ოპტიმალურ დონეზე შევინარჩუნოთ... ოპერატიული უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ასეთ გადაადგილებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ“, - განაცხადა მან.