გასულ ღამეს კიევის მცხოვრებლებმა თავად მოისმინეს, როგორი ხმა აქვს რუსულ „ჰუმანიზმს“., - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა X-ზე წერს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიმა კიევზე რუსეთის თავდასხმის ფონზე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებაზე მიანიშნა, რომელმაც სანქტ-პეტერბურგში კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხცედრისას მას „ჰუმანისტი“ უწოდა.
სიბიჰას თქმით, რუსეთმა სასტიკი იერიში მიიტანა უკრაინაზე, რომლის დროსაც ათობით ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. დარტყმების სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, სამედიცინო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები და საცხოვრებელი რაიონები გახდა. მინისტრის განცხადებით, თავდასხმა უკრაინის სხვა ქალაქებზეც განხორციელდა.
„გასულ ღამეს კიევის მცხოვრებლებმა თავად მოისმინეს, როგორი ხმა აქვს რუსულ „ჰუმანიზმს“.: სასტიკი თავდასხმა ათობით ბალისტიკური რაკეტით, რომლებმაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, სამედიცინო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები და საცხოვრებელი რაიონები დააზიანა. თავდასხმის სამიზნე უკრაინის სხვა ქალაქებიც გახდა. ომს ვერ შეაჩერებს ვერც დამშვიდების პოლიტიკა, ვერც მორჩილება და ვერც პირფერობა. ომის შეჩერება მხოლოდ ძალას შეუძლია“, - წერს სიბიჰა.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში პუტინთან შეხვედრისას, უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე საუბრისას, უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტს „ჰუმანისტი“ უწოდა.
„თქვენ ბევრს საუბრობთ იმაზე, რომ ჩემი პრეზიდენტი, პრეზიდენტი ტრამპი, ჰუმანისტია. თქვენც ჰუმანისტი ხართ, ბატონო, და ამისთვის პატივს გცემთ“, - მიმართა უიტკოფმა პუტინს, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის ეძებს.
22 ოქტომბრის ღამეს კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.