The New York Times ამერიკელ და ისრაელელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ ახალი, ხანმოკლე, თუმცა ინტენსიური სამხედრო ოპერაციის გეგმებს ამუშავებენ. გამოცემის ინფორმაციით, ოპერაცია შესაძლოა 3 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნების შემდეგ დაიწყოს.
გამოცემის ცნობით, ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური სამხედრო ოპერაციის დაგეგმვის პარალელურად, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო უწყებებმა წვრთნები გაააქტიურეს და ერაყის თავზე ფრენებს ასრულებენ დარტყმების განხორციელების მანევრების დასამუშავებლად.
ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ამ კვირაში აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი ისრაელში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა, რათა ირანზე ახალი დარტყმები განეხილა.
სავარაუდო სამიზნეებს შორისაა ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ბირთვული ობიექტები, ასევე რაკეტებისა და დრონების არსენალი.
ზოგიერთი ოფიციალური პირის შეფასებით, თავდასხმების კიდევ ერთმა მასშტაბურმა ტალღამ შესაძლოა ირანის ეკონომიკა კოლაფსამდე მიიყვანოს და ქვეყანა დიპლომატიური დათმობებისკენ აიძულოს. ეს იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტი თითქმის რვა თვეა გრძელდება.