უკრაინულმა დრონებმა 22 ოქტომბრის ღამეს, რუსეთის მოსკოვის ოლქში მდებარე ქალაქ სერპუხოვზე იერიში მიიტანეს .
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დარტყმის სამიზნე 75-ე არსენალი გახდა, სადაც რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, „ბუკისა“ და С-300В-ის შეკეთება მიმდინარეობს. აღნიშნული სისტემები რუსეთის ჯარებსა და სტრატეგიულ ობიექტებს საჰაერო დარტყმებისგან იცავს.
სერპუხოვში აფეთქებების ხმა ისმოდა, ქალაქში კი სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა. თავდასხმის შედეგების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
უკრაინულმა ტელეგრამარხებმა თავდასხმის ამსახველი კადრები გამოაქვეყნეს.
სერპუხოვის მცხოვრებლები ადგილობრივ ჩატებში წერდნენ, რომ ქალაქში სულ მცირე სამი რაკეტა ჩამოვარდა. გავრცელებული ცნობების თანახმად, სერპუხოვი 22 ოქტომბრის ღამეს რუსეთზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის მხოლოდ ერთ-ერთი სამიზნე იყო.
აფეთქებები ისმოდა ლიპეცკში, ტულაში, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში, ასევე მოსკოვში.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვის ადმინისტრაციული ოლქის, ტროიცკის ტერიტორიაზე, სოფელ ვორონოვოსთან დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
მისი ინფორმაციით, 21 ოქტომბრის საღამოდან დილამდე მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 630 დრონი მოძრაობდა, რომელთაგან 163 რუსეთის დედაქალაქთან მიახლოებისას ჩამოაგდეს.
22 ოქტომბრის ღამეს მოსკოვის ოთხმა აეროპორტმა ავიარეისები დროებით შეაჩერა. შეზღუდვები თავდაპირველად ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში დაწესდა, მოგვიანებით კი შერემეტიევოსაც შეეხო.
ავიაკომპანია „აეროფლოტმა“ ფრენების განრიგი შეცვალა. ზოგიერთი რეისი გააუქმეს, სხვა რეისების გაფრენის დრო გადადეს, ნაწილი კი სათადარიგო აეროდრომებზე გადაიყვანეს.
მოსკოვის დროით დაახლოებით 05:20 საათზე დედაქალაქის ოთხივე აეროპორტში ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნეს.