ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას.
კუგლერი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესის გამო, რომლის მიზანიც, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვაა.
"პოლიტიკური კონკურენცია უნდა წყდებოდეს არჩევნებზე და ღია დემოკრატიული დებატების გზით, და არა მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებული სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით პოლიტიკური მეტოქეების განადგურებით. პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის უკიდურესი ზომა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტებს. ეს პროცესები განსაკუთრებით შემაშფოთებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული ეჭვების ფონზე - მათ შორის იმ შეშფოთების გათვალისწინებით, რომელიც ევროპარლამენტმაც გამოთქვა.
სოლიდარობას ვუცხადებ საქართველოს ხალხს, რომელმაც არაერთხელ გამოხატა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის სურვილი. პოლიტიკური პარტიების შექმნისა და მათში მონაწილეობის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია და დაცულია ეუთოს დემოკრატიული ვალდებულებებით.
როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს აღნიშნული სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. საქართველო არ უნდა იქცეს ქვეყნად, სადაც პოლიტიკურ ოპოზიციას განიხილავენ არა დემოკრატიული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, არამედ მტრად, რომელიც უნდა განადგურდეს. ასევე მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებისა და იმ პირების გათავისუფლებისკენ, რომლებიც პოლიტიკური მიზეზების გამო თვითნებურად დააკავეს ან დააპატიმრეს; ასევე, მოვითხოვ სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულ პატივისცემას.
საქართველომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფომ და ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ. საქართველოს მომავალი დემოკრატიაში, კანონის უზენაესობასა და პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემაშია. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ამ გზას და პატივი სცეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს", - ნათქვამია კუგლერის განცხადებაში.