აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 21 აგვისტოს განაცხადა, რომ 55 მილიონზე მეტ უცხოელ მოქალაქეს, რომლებსაც აშშ-ის მოქმედი ვიზები აქვთ, ემიგრაციის წესების შესაძლო დარღვევების დასადგენად შეამოწმებს. ამის შესახებ Associated Press იუწყება.
სახელმწიფო დეპარტამენტმა სააგენტოს გამოცემას განუცხადა, რომ ის მუდმივად ამოწმებს აშშ-ის ვიზის მფლობელებს, რათა უზრუნველყოს, მათი მხრიდან წესების დაცვა.
კერძოდ, უწყება იკვლევს, გადაცილებულია თუ არა ვიზის მოქმედების ვადა და ადგენს, დაკავშირებულია თუ არა პირი დანაშაულთან ან ტერორიზმთან.
თუ აღმოჩნდება, რომ უცხოეთის მოქალაქემ დაარღვია მოთხოვნები, მისი ვიზა გაუქმდება. თუ ის შეერთებულ შტატებში იქნება, მას ქვეყნიდან გააძევებენ.
სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, დეპარტამენტმა ორჯერ მეტი ვიზა გააუქმა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
ამავდროულად, გაუქმებული სტუდენტური ვიზების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა.
აგვისტოში სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 6 000-ზე მეტი სტუდენტური ვიზა გააუქმა, რადგან მათმა მფლობელებმა ვადის გასვლის შემდეგ ქვეყანაში დარჩენის ვადას გადაამეტეს და კანონდარღვევები ჩაიდინეს, მათ შორის ფიზიკური ძალადობა, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა და ტერორიზმის მხარდაჭერა.
დეპარტამენტმა დააკონკრეტა, რომ კანონის დარღვევების გამო დაახლოებით ოთხი ათასი ვიზა გაუქმდა, ხოლო დაახლოებით 200-300 ვიზა ტერორიზმთან დაკავშირებული მიზეზების გამო.