აშშ-ში, სამხედრო აღლუმის პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ასობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობები სახელწოდებით – „არა მეფეებს“ გამართა.
დემონსტრაციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქციებში მილიონობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც სხვადასხვა ქალაქებში მსვლელობები მოაწყვეს, ავტორიტარიზმის საწინააღმდეგო სლოგანებს სკანდირებდნენ და დემოკრატიისა და იმიგრანტების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებდნენ.
ატლანტაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა მოესმინათ შტატის კაპიტოლიუმის წინ გამომსვლელებისთვის. სიეტლში, ოფიციალური პირების შეფასებით, ქალაქის ცენტრში გამართულ ყველაზე მასშტაბურ აქციას 70 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
აშშ-ის მასშტაბით გუბერნატორები მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, ზოგიერთმა საპროტესტო აქციების წინ ეროვნული გვარდიის მობილიზება მოახდინა.
დაფიქისრდა ცალკეული შეტაკებები.
ლოს-ანჯელესში, სადაც ერთი კვირით ადრე იმიგრანტების წინააღმდეგ ფედერალური რეიდების გამო საპროტესტო აქციები დაიწყო, პოლიციამ ღონისძიების დასრულების შემდეგ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
პორტლენდის პოლიციამ ასევე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სპეცრაზმი იმ ხალხის დასაშლელად, რომლებიც გვიან საღამომდე აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავდნენ.
იუტას შტატის ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში პოლიციამ გამოძიება დაიწყო ქალაქის ცენტრში გამართული მსვლელობის დროს მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.
სოლტ ლეიკ სიტის პოლიციის უფროსის, ბრაიან რედის თქმით, სამი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი კაცი, რომელიც სავარაუდოდ მსროლელია და რომელსაც ასევე ესროლეს.
ამასთან, ლოს ანჯელესში გამართულ აქციაზე დაახლოებით 20 000 ადამიანი იმყოფებოდა.
ცნობისთვის, აშშ-ში ამერიკის არმიის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა, რომელიც დონალდ ტრამპის დაბადების დღეს დაემთხვა.