„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს. გვარამიას სამართალდამცავებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა.
"ოლიგარქია უნდა დაემხოს, დიდება საქართველოს" , - თქვა ნიკა გვარამიამ დაკავებისას.
მანამდე, გვარამიამ, რუსთავის საპატიმროსთან მისვლის შემდეგ 112-ში დარეკა და პატრული თავად გამოიძახა. თავის მხრივ, როგორც ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა განაცხადეს, გვარამიას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია „შესაბამის სამსახურს გადასცეს“.
ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.
ფოტო: პუბლიკა