ვინ ეკითხება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს და მსჯელობაში შემოვიდეს, თუ რა კანონს მიიღებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი! - პირველ რიგში, ეს დამოკიდებულებაა შესაცვლელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისადმი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის კრიტიკას შეეხებოდა.
კალაძე მოუწოდებს სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რომ „თავის სახელმწიფოს და თავიანთ ქვეყნებს მიხედონ“.
„ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, თუ როგორ მოქმედებს ბოროტი ძალა, ე.წ. ზოგიერთი ბიუროკრატი და რა არის მათი მთავარი მიზანი, ამოცანა საქართველოსთან მიმართებით. საქართველო ვერ დაიმონეს და საქართველო მათი ინტერესების გასატარებლად გამოყენებული ვერ იქნა, როგორც უკრაინასთან მიმართებით მოხდა. ბევრჯერ გვითქვამს, რომ უკრაინიზაცია არ მოხდება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა და ქვეყნის ინტერესები დავიცვათ. რა თქმა უნდა, [ისინი] გამწარებულები არიან, რომ საქართველო ვერ გამოიყენეს და იმიტომ არის ეს განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. ვინ ეკითხება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს და მსჯელობაში შემოვიდეს, თუ რა კანონს მიიღებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი! პირველ რიგში, ეს დამოკიდებულებაა შესაცვლელი.
ყველამ უნდა გაითავისოს, რომ საქართველო არ არის რომელიღაცა ქვეყნის უკანა ეზო. საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიონ. ყველამ თავის სახელმწიფოს და თავიანთ ქვეყნებს მიხედოს“, - განაცხადა კალაძემ.