პროვინცია ალბერტას პრემიერ-მინისტრმა დანიელ სმიტმა განაცხადა, რომ მზადაა ჩაატაროს რეფერენდუმი ალბერტას კანადისგან გამოყოფის შესახებ, თუ ამ მიზნით წარდგენილი პეტიცია საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებს. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
სმიტმა, რომელიც ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის წევრია, განაცხადა, რომ პირადად ის არ უჭერს მხარს ალბერტას კანადიდან გასვლას.
„მაგრამ თუ ოტავა, რაიმე მიზეზით, გააგრძელებს ჩვენს პროვინციაზე თავდასხმას, როგორც ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ხდებოდა, მაშინ ალბერტას მაცხოვრებლებს მოუწევთ ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. მათი გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღები იქნება“, - თქვა პოლიტიკოსმა.
სმიტმა კანადის წინა მთავრობები დაადანაშაულა ისეთი კანონმდებლობის მიღებაში, რომელიც ზღუდავდა ალბერტას ნავთობის წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობას, რაც, მისი თქმით, პროვინციას მილიარდობით დოლარი დაუჯდა.
პროვინციის პრემიერ-მინისტრი ასევე მიიჩნევს, რომ ცენტრალური მთავრობა ზედმეტად ერევა ადგილობრივ საქმეებში.
„ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულ მოპყრობას...“
„ჩვენ უბრალოდ გვინდა ვიყოთ თავისუფლები, განვავითაროთ და ექსპორტზე გავიტანოთ ჩვენს ხელთ არსებული უზარმაზარი მდიდარი რესურსები და ავირჩიოთ, თუ როგორ მივაწოდოთ ჩვენს ხალხს ჯანდაცვა, განათლება და სხვა სოციალური მომსახურება, მაშინაც კი, თუ ეს განსხვავებული მიდგომაა ოტავაში არსებული ხედვისგან“, - თქვა სმიტმა.
ამ დრომდე კანადაში გამოყოფის შესახებ რეფერენდუმის ორი პრეცედენტი არსებობს - უპირატესად ფრანგულენოვან პროვინცია კვებეკში 1980 და 1995 წლებში. ორივე წარუმატებელი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, კანადაში ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვა ლიბერალურმა პარტიამ, მარკ კარნის ხელმძღვანელობით.
ჯერ კიდებ რამდენიმე თვის წინ კონსერვატორების გამარჯვებას ელოდნენ, თუმცა დონალდ ტრამპის კანადაზე თავდასხმებისა და ლიბერალური პარტიის დიდი ხნის ლიდერის, ჯასტინ ტრუდოს გადადგომის შემდეგ, ამომრჩეველთა მხარდაჭერა კვლავ ლიბერალური პარტიის სასარგებლოდ შეიცვალა.