სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი 9 მაისს მოსკოვში გამგზავრების განზრახვაზე უარს არ ამბობს, რადგან მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ჩასვლას დაჰპირდა.
სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რვა თვის წინ ის პუტინს 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას დაჰპირდა და დასძინა, რომ მისი პირობა მას არა მხოლოდ საერთაშორისო კონტექსტში, არამედ თავისი ხალხისა წინაშეც ავალდებულებს.
„ჩემს სიტყვას მნიშვნელობა აქვს, მე არავისთვის მომიტყუებია. სხვა არავინ უნდა წავიდეს, სხვა არავინ უნდა დაზარალდეს, მე წავალ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, რა მოხდება, ან არ ვიცი, რა საფრთხე იქნება მიმართული სერბეთის წინააღმდეგ, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლა ადვილი არ არის“, - თქვა ვუჩიჩმა.
ამასთან, როგორც ვუჩიჩმა განაცხადა, ევროკავშირში უფრო აქტუალური თემაა მისი მოსკოვში ვიზიტის გეგემები, ვიდრე ომი უკრაინაში და ევროპაში ელექტრომომარაგების შეფერხებები.
„მათ სხვა თემა არ აქვთ. მსოფლიო ცეცხლის ალშია, არ იციან, რა მოუხერხონ უკრაინას, ელექტროენერგია გაითიშა. წარმოიდგინეთ, სერბეთში რომ 24 საათით ელექტროენერგია გათიშულიყო, ჩვენ თავდაყირა დაგვკიდებდნენ, მაგრამ მათთვის მთავარი პრობლემა ჩემი მოსკოვში ჩასვლაა“, – განაცხადა სერბეთის ლიდერმა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა აპრილში მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, არ დაესწრონ 9 მაისს მოსკოვში სამხედრო აღლუმს და ამის ნაცვლად სოლიდარობა გამოხატონ უკრაინის მიმართ.