საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები – მათ შორის, საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. განსაკუთრებით, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ათვისებისა და განვითარების აუცილებლობას. მიხეილ ყაველაშვილმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.