იერუსალიმის შემოგარენში 30 აპრილს გაჩენილი ხანძრის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძარი იერუსალიმთან, სულ მცირე, ხუთ ადგილას მძვინვარებს.
ხანძარი ანომალიური სიცხისა და ძლიერი ქარის ფონზე გაჩნდა, რამაც ცეცხლის ლოკალიზება გაართულა.
ისრაელის ბუნებისა და პარკების სააგენტომ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე პარკიდან ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს.
ისრაელის მთავრობამ მასშტაბური ხანძრის ჩაქრობაში დახმარება იტალიას, ხორვატიას, ბულგარეთს, საბერძნეთსა და კვიპროსს სთხოვა.
ხანძრის ჩაქრობაში უკვე 120 ბრიგადა მონაწილეობს. გარდა ამისა, ევაკუირებულია რამდენიმე დასახლების მაცხოვრებლები.
ამ დროისთვის ხანძრის შედეგად 12 ადამიანია დაშავებული, მათ შორის ბავშვები.