ჩხრეკისას რაიმე საპროცესო ნორმა დაირღვა? მე ვფიქრობ, არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა და თუ დაირღვა, ამ შემთხვევაში, არსებობს შესაბამისი წესები, რომ გაასაჩივრონ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც ფონდების ხელმძღვანელების და სამოქალაქო აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
დარახველიძის თქმით, საცხოვრებელ სახლებთან პოლიცია საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დასაცავად იყო მობილიზებული.
„მოგეხსნებათ, გამოძიება დაწყებულია კონკრეტული მუხლებით. საკმაოდ მძიმე მუხლებია, რითაც გამოძიება არის დაწყებული და შესაბამისად, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. პირად საცხოვრებელში ჩხრეკა არის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში და სწორედ ამიტომ არის დადგენილი ჩვენი კონსტიტუციით და საპროცესო კოდექსით, რომ საჭიროა მოსამართლის განჩინება. რასაც მე ვუყურე პირდაპირ ეთერში და რა განცხადებაც გააკეთა გენერალურმა პროკურატურამ, არსებობდა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ კონკრეტული პირების პირად საცხოვრებელ სივრცეში ჩატარებულიყო ჩხრეკა. არსებობდა სათანადო დასაბუთება, იმიტომ, რომ მოსამართლემ ჩათვალა საჭირო, რომ აქ აუცილებელი იყო მსგავსი ღონისძიების განხორციელება. პოლიცია იყო ადგილზე მობილიზებული საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დასაცავად. ადვოკატები მონაწილეობდნენ [პროცესში], მათ ალბათ, ექნებათ, შესაბამისი საპროცესო გარანტიების ფარგლებში მასალებზე წვდომა და შესაბამისად, შეუძლიათ, რომ კონკრეტული ღონისძიებები გაასაჩივრონ, ან შესაბამისი პროცედურები წარმართონ, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.
რაც შეეხება კონკრეტულ პროცედურულ საკითხებს - არსებობს შესაბამისი წესები. თუ რამე დაირღვა [ჩხრეკის ჩატარებისას], არსებობს იმ წესების გასაჩივრების მექანიზმები. რაიმე საპროცესო ნორმა დაირღვა? მე ვფიქრობ, რომ არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა და თუ დაირღვა, ამ შემთხვევაში არსებობს შესაბამისი წესები, რომ გაასაჩივრონ. არსებობს მექანიზმები, იციან ადვოკატებმა, ჩაიხედონ იმ მუხლებში და თუ რამეს არ ეთანხმებიან, [გაასაჩივრონ],“ - განაცხადა დარახველიძემ.
შეკითხვაზე, თუ რატომ გახდა დიდი რაოდენობით პოლიციელის მობილიზება საჭირო ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან, შს მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ „პოლიცია იყო მობილიზებული იმ რაოდენობით, რაც აუცილებელი იყო ამ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩასატარებლად“.
დარახველიძის თქმით, „არავითარი საჩვენებელი რეპრესიები არ ხორციელდება“.
„პოლიცია იყო მობილიზებული იმ რაოდენობით, რაც აუცილებელი იყო ამ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩასატარებლად. რა რაოდენობა იქნება, ეს არის ჩვენი შიდა სამუშაო. ჩვენ თავად ვაფასებთ, რა რაოდენობის პოლიციელი გამოვიყვანოთ კონკრეტულ ღონისძიებაზე, იმისათვის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს შესაბამისი ღონისძიება. არავითარი საჩვენებელი რეპრესიები არ ხორციელდება. ხორციელდება ის, რაც გვაქვს ჩვენ კანონით ნაკისრი ვალდებულება. ვაკეთებთ იმას, რაც განსაზღვრულია,“ - განაცხადა დარახველიძემ.