ფოტორეპორტიორმა, ირაკლი გედენიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გაიხსენა პერიოდი, როდესაც მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, ჯიქიას სასაფლაოზე აიყვანეს.
გედენიძის თქმით, მას ნიღბიანი პირები სცემდნენ და თან ეუბნებოდნენ, ეთქვა, ვისთან ჰქონდა კავშირი.
„მიადგნენ ჯიქიას სასაფლაოს. დასაწყისშივე, მარცხენა მხარეს არის „ჰერმესის“ ოფისი. იმ ოფისს რომ გავცდით 200 მეტრით, იყო ახალგათხრილი საფლავი. იქიდან იწყებოდა უკვე ახალი საფლავები. კლდოვანი ნიადაგია, ღორღი, ხრეში, ისეთ ადგილზე დამაგდეს, რომ ბასრავს. ბორკილები მაქვს ისევ დადებული. მანქანიდან რომ გადმომიყვანეს, ეგრევე გადმომაგდეს, მუხლებზე ვეგდე. უკვე ყველას ნიღაბი ეკეთა. დამიწყეს ცემა, ვისთან გაქვს კავშირიო. მირტყამენ ყველა მხრიდან. თავი მაქვს ჩახრილი, ვერც კეფაზე ვიფარებ ხელებს, იდაყვებით ვცდილობ, სასიცოცხლო ორგანოები დავიცვა დარტყმებისგან. მირტყამდნენ ფეხებს მუხლებზე. შემდეგ გაშლილი ხელით მირტყამდნენ კეფაში. ვეუბნები, არ ვიცი არაფერი, მითხარით, რა გინდათ-მეთქი. ყველაფერი უნდა თქვა, ვისთან გაქვს კავშირი, რა მასალებს აძლევდითო. ამოიღო იარაღი, გადატენა და დამადო. ვუთხარი, არ გაგივარდეს, რას აკეთებ, ხომ იცი, სადაც ვმუშაობ-მეთქი, რაზეც მიპასუხა, უკვე აღარ მუშაობო და იარაღიანი ხელი დამარტყა ტუჩებში“, – განაცხადა ირაკლი გედენიძემ.