ღამის სამ საათზე შემოვარდნენ სახლში, ცრუ ბრალდებით სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს, გვაღიარებინეს ის, რაც არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს, სამშობლოს ღალატი, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება.
„ჩვენი საქმე ერთ-ერთია იმათგან, რომელიც ყველაზე გახმაურებული იყო. ფოტოგრაფების საქმემ საერთაშორისო მედიაც მოიცვა და დიდი რეზონანსი გამოიწვია. ვხედავ ხოლმე, რომ „ფეისბუქზე“ რაღაც სტატუსებს დებენ, 37 წელიაო. 37 წელი იყო ზუსტად ის, რაც ჩვენ გავიარეთ. 03:00 საათზე შემოვარდნენ სახლში, ცრუ ბრალდებით სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს, გვაღიარებინეს ის, რაც არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს, სამშობლოს ღალატი. როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, მადლიერი ვარ, ყოველთვის მადლობას ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წყალობით დღეს უამრავი ადამიანი გადარჩა და ცოცხალია. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო სათავეში, დღემდე რომ მოსულიყო, დღეში, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი სტატისტიკა საპატიმროშიც და ისეც. მადლობას ვუხდი პირადად იმ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი შეცვალა და უამრავ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
გიორგი აბდალაძის თქმით, 26 მაისის ფოტოებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან, აბდალაძის თქმით, ეს არ იყო მიტინგის დაშლა, ეს იყო საკუთარი ადამიანების განადგურება.
„26 მაისის ფოტოებმა საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან ეს არ იყო მიტინგის დაშლა, დარბევა ან რამე, ეს იყო საკუთარი ადამიანების განადგურება. საპატიმროში შევიტყვე, რომ მე გადამიღია თურმე ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც ამათ ცოცხალი მიჰყავდათ და შემდგომში სახურავზე აღმოაჩინეს. მე არ ვიცოდი ამის შესახებ, წარმოდგენა არ მქონდა, რადგან ჩვენ ვაკეთებდით რეპორტაჟს. საკმაოდ მძიმე, რთული დღე იყო და უამრავ რეპორტიორს, ჟურნალისტს აპარატურა გაუფუჭდა. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ 26 მაისს არა მარტო მომიტინგეებს, არამედ ჟურნალისტებს სცემდნენ უმოწყალოდ, ესროდნენ. ამის უამრავი მაგალითია. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები ნაცემი იყვნენ, სხვადასხვა რეპორტიორი. მეორე დღეს, 26 მაისს, როდესაც აღლუმი ჩატარდა, უამრავი ადამიანი იყო, ის ჟურნალისტები ესწრებოდნენ, რომლებიც წინა ღამეს ნაცემი იყვნენ ან ე.წ. რეზინის ტყვიებით დაცხრილული“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.