პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის პარლამენტარებმა პარტიების აკრძალვას II მოსმენით მხარი დაუჭირეს.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა "არსებითად იმეორებს" სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.
კანონპროექტი ბიუროზე 31 მარტს დარეგისტრირდა. აღნიშნულს წინ უსწრებდა მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ "ენმ-ს მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად აღიარების კანონპროექტი" წარადგინეს.
"წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლი პოლიტიკური პარტიებზე, რომელთა მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
შესაბამისად, იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სურვილი კვლავ ზემოაღნიშნული პარტიების არსებითად მსგავსი ახალი პარტიები დააფუძნონ და კვლავ განაგრძონ არაკონსტიტუციური საქმიანობა, სასამართლო წესით აეკრძალებათ ასეთი ფიქციური პარტიების მეშვეობით მოქმედება". - წერია კანონპროექტში.