აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლამმთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის ერთ-ერთი თემა რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული ვითარება იყო. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
საუბარი შეეხო რუსეთსა და უკრაინას შორის ომის სამუდამოდ დასრულების უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის მცდელობებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 26 აპრილს ვატიკანში გამართული შეხვედრა.
რუბიომ და ლამმა ასევე ისაუბრეს აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე, რომელიც 22 აპრილს ლონდონში დიდი ბრიტანეთის ეგიდით გაიმართა.
„სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრ ლამმს დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად გაწეული სამუშაოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარალელურად, მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ევროპელი და უკრაინელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ტრამპმა შეიძლება გამოაცხადოს კიევთან და მოსკოვთან „სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან“ გასვლის შესახებ და საბაბად მცირე პროგრესი გამოიყენოს.
თავად რუბიომ განაცხადა, რომ მომავალი კვირა „კრიტიკულად მნიშვნელოვანი“ იქნება აშშ-ის გადაწყვეტილებისთვის, გააგრძელებს თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შეჩერების მცდელობებს.