უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სუმის ცენტრზე შემაძრწუნებელ თავდასხმას, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ზელენსკის თქმით, მსოფლიომ მტკიცედ უნდა უპასუხოს ამ საშინელ თავდასხამას, რადგან მასზე ზეწოლის გარეშო ომის დასრულება და მშვიდობის დამყარება შეუძლებელია.
"რაკეტებმა დაარტყეს ქალაქის ერთ ჩვეულებრივ ქუჩას, სადაც ძირითადად საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებებია, მანქანები ქუჩაში... და ეს იმ დღეს, როდესაც ხალხი მიდის ეკლესიაში - ბზობის კვირა, უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე.... მხოლოდ ნაძირალას შეუძლია ასე მოიქცეს - უბრალო ადამიანებს სიცოცხლე წაართვას..
მსოფლიომ ამას მტკიცედ უნდა უპასუხოს, შეერთებულმა შტატებმა, ევროპამ, ყველამ, ვისაც სურს, რომ ეს ომი და მკვლელობები დასრულდეს. რუსეთის სწორედ ასეთი ტერორი და ომის გაჭიანურება სურს. რუსეთზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია. საჭიროა რუსეთის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება, რომელსაც ტერორისტები იმსახურებენ", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 13 აპრილს, უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე განხორციელებულ ავიადარტყმას 21 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 20 მოქალაქე.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.