ქართველი როდიონოვები თეა წულუკიანს მიუვარდნენ სახლში, სადაც მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს, ეს ნაცნობი ხელწერაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, უკვე მესამე დღეა, ამ ტერორის მიმართ სოლიდარული დონორები საქართველოს საზოგადოებას პასუხის ღირსადაც არ თვლიან.
„დონორებისგან წახალისებული და „ენჯეობისგან“ ორგანიზებული ქუჩის ტერორი თავისი ამაზრზენობის პიკშია. 9 აპრილის ძალადობის შემდეგ, დღეს, ღამის 2:00 საათზე, ქართველი როდიონოვები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, თეა წულუკიანს მიუვარდნენ სახლში, სადაც, მისი ოჯახი, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს.
სახლებში შევარდნები, შუაღამის ტერორი ბავშვების თვალწინ და მათ გასაგონად, ნაცნობი ხელწერაა, რომლის ისტორიებსაც, ეს დღეებია, სწორედ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მიმდინარე საპარლამენტო გამოძიებისას მთელი საქართველო ისმენს.
ევროპის სახელით მოთარეშე ორკების დღევანდელი ძალადობის აქტი კარგი მიზეზია, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ვისი დასმა უნდოდათ ხელისუფლებაში გარედან. ესენი არავის დაინდობენ, არც ქალს და არც კაცს, არც ბავშვს და არც ასაკოვანს.
უკვე მესამე დღეა, ამ ტერორის მიმართ სოლიდარული დონორები პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას“, – წერს პაპუაშვილი.