უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული მხარე მზად არის შეიძინოს დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები. მისივე თქმით, ეს საკითხი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილა.
„ამაზე გვისაუბრია აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან: უკრაინა უბრალოდ არ ითხოვს - მზად ვართ შესაბამისი [საჰაერო თავდაცვის] დამატებითი სისტემები ვიყიდოთ. სწორედ ძლიერი იარაღია ერთადერთი რამ, რასაც შეგიძლია ადამიანების სიცოცხლის დაცვა ანდო, როდესაც ისეთი მეზობელი გყავს, როგორიც რუსეთია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, საჰაერო თავდაცვა უპირველესი პრიორიტეტია და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც უკვე ეხმარებიან უკრაინას.
„დღეს აქედან, კრივიი რიჰიდან მივმართე ბრიუსელში „რამშტაინის“ - შეხვედრის მონაწილეებს. ჩვენთვის მთავარია საჰაერო თავდაცვა, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტები. დავიცვათ ხალხის სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენი ქალაქები.
ჩვენ ნამდვილად გვაქვს ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილების იმედი - ჩვენ გვჭირდება სისტემები, ისინი არსებობენ მსოფლიოში და ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა საჰაერო თავდაცვამ იმუშაოს, იმუშაოს აქ, უკრაინაში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.