“ასავალ-დასავალის“ მთავარ რედაქტორი, ლაშა ნადარეიშვილი ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის დაკავებას ეხმაურება და წერილს აქვეყნებს.
როგორც ნადარეიშვილი წერს, “სამშობლოს სიყვარულისათვის საქართველოში ადამიანებს უკვე ხელაღებით იჭერენ და სწორდ ამის დადასტურებაა ჩუბინიძის დაკავებაც.“
„ეს სამარცხვინო შურისძიება მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ აწ განსვენებულმა ლაზარე ჯორბენაძემ, მოქმედი ხელისუფლება დავით გარეჯის სადავო ტერიტორიების აზერბაიჯანისათვის გადაცემაში დაადანაშაულა და ჟურნალისტმაც აღებულ ინტერვიუში უცვლელად დააფიქსირა მისი ნათქვამი. ჰქონდა კი დიტო ჩუბინიძეს უფლება, არ მიემართა ხელისუფალთათვის, რათა სიცხადე შეეტანათ ჩიჩხიტურის კოშკისა და აღდგომის ტაძრის გასხვისება-არ გასხვისების საკითხში? როგორც ცნობილია, პიროვნება, ვისგანაც მან ინტერვიუ აიღო, სულ რაღაც ორიოდ თვეში ჩამომხრჩვალი იპოვეს და გიჟადაც კი გამოაცხადეს.
ან კი რა შუაშია საბოტაჟი და სამშობლოს ღალატი, როდესაც ჟურნალისტი სრულიად ლეგიტიმურ კითხვას სვამს - რატომ ვეღარ ავდივართ საქართველოს იმ ქრისტიანულ სიწმინდეებთან, რომლებიც ბოლო წლებში უკვე აზერბაიჯანული სახელებით მოიხსენიება? ამის თაობაზე პირადად მე პრემიერსაც მივმართე - გაგვიძეხი დავით გარეჯისკენ, რათა მთელ საქართველოს ვაჩვენოთ, რომ ის ადგილები, სადაც 1616 წელს, აღდგომის ღამეს, შაჰ-აბასმა 6000 ბერის სისხლი დაღვარა, ისევ ჩვენია–მეთქი. პასუხად - დუმილი! უფრო მეტიც, დიტო ჩუბინიძის დაპატიმრება და სამშობლოს მოღალატეთა წინააღმდეგ მებრძოლისათვის სამშობლოს მოღალატის მუხლის წაყენება!
ჩვენ, ასავალ-დასავალის თანამშრომლებმა, ვინც 2007 წლის აგვისტოში, შუაღამისას, ავადსახსენებელმა სააკაშვილის რეჟიმმა გამომცემლობა "სამშობლოდან" გამოგვყარა, ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ახალ ხელისუფლებას აღარასოდეს გაემეორებინა წარსულის შეცდომები, მაგრამ კვლავ სადამსჯელო მანქანის წინაშე აღმოვჩნდით ერთი უწყინარი შეკითხვის გამო - რატომ დგანან ჩიჩხიტურის კოშკთან და აღდგომის ტაძართან უცხო ქვეყნის მესაზღვრეები და რატომ გვიკრძალავენ ამ სიწმინდეებთან მიახლოებას?“- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა.
ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.
უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".