23 ოქტომბრის ღამეს რუსეთის რამდენიმე რეგიონზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. უკრაინული მედიის ცნობით, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ გოროდეცში ფედერალური საგადასახადო სამსახურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაცემთა ცენტრი დაზიანდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში რუსეთის რეგიონებსა და ყირიმის თავზე 443 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ამასთან, სოციალურ ქსელებში ვრცელდება გოროდეცზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოები. ჩანაწერებში ისმის დრონების ფრენის ხმა და ჩანს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობა.
თვითმხილველების კომენტარების მიხედვით, ერთ-ერთ ვიდეოში დაფიქსირებული დარტყმა, სავარაუდოდ, სწორედ მონაცემთა ცენტრს მოხვდა.
გოროდეცში მდებარე მონაცემთა ცენტრი რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ორი ძირითადი მონაცემთა დამუშავების ცენტრიდან ერთ-ერთია. ორივე ცენტრი გეოგრაფიულად განაწილებულ რეჟიმში მუშაობს.
ცენტრში ინახება და მუშავდება სახელმწიფო რეესტრების ინფორმაცია, მათ შორის - საგადასახადო მონაცემთა ბაზები.
ტელგრამ-არხ Exilenova+-ის ცნობით, ამ ობიექტის დაზიანებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სისტემების მუშაობაზე.