უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი არ თანხმდება ცეცხლის უპირობო შეწყვეტას, რადგან სურს უკრაინის ქალაქებისა და პორტების წინააღმდეგ შავი ზღვიდან დარტყმის შესაძლებლობა შეინარჩუნოს. ამის შესახენ ზელენსკიმ ვოდეომიმართვისას განაცხადა.
„დღევანდელი რუსული დარტყმა მოიცავდა რაკეტებს, რომლებიც შავი ზღვიდან იყო გაშვებული. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რომელი ხომალდები იყოდა ზღვის რომელი ნაწილიდან მოხდა ეს გაშვება.
ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი ამახინჯებს დიპლომატიას, რატომ არ ეთანხმება რუსეთი უპირობო ცეცხლის შეწყვეტას: მათ სურთ ზღვიდან ჩვენს ქალაქებსა და პორტებზე თავდასხმის შესაძლებლობის შეინარჩუნება.
ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ ზღვით თავისუფალ ნავიგაციას და სურსათის მიწოდებას არ გულისხმობს, ის, პირველ რიგში, ზოგად უსაფრთხოებასა და მშვიდობის მიახლოებას ეხება.
პუტინს არ სურს ომის დასრულება, ის ეძებს გზებს, რომ დაიტოვოს შესაძლებლობა, ნებისმიერ მომენტში ომი კიდევ უფრო დიდი ძალით გააგრძელოს.
ამიტომაც, მომავალში რუსეთზე ზეწოლის ყველა ფორმის უცვლელად გამოყენებაა საჭირო: ჩვენი დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, სანქციების შენარჩუნება და ისეთი დიპლომატია, ისეთი საუბარი მოსკოვთან, რომელიც მათ მკვლელობების არანაირ შესაძლებლობას არ დაუტოვებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა დათანხმდა აშშ-ს წინადადებას უპირობო და სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამაზე უარს ამბობს.
„ჩვენ ველოდებით შეერთებული შტატების რეაქციას, ის [პასუხი] ჯერ კიდევ არ არის. ველოდებით ყველას რეაქციას ევროპაში, ყველას მსოფლიოში, ვისაც მშვიდობა სურს... ყოველდღე იკარგება სიცოცხლე, იკარგება დიპლომატიის შესაძლებლობები. ამ ყველაფრის ჩუმად მიღება არ შეიძლება“, - განაცხადა მან.