საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა.
“დიახ, იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთში და ბელარუსშია. მაგალითი რომ მოგცეთ, მხოლოდ დღეს პარლამენტმა სამი სხვადასხვა კანონი მიიღო. რა თქმა უნდა, პარლამენტში საერთოდ არავითარი დებატები არ არის - კანონი კომიტეტების სამ ეტაპს სულ რაღაც სამ დღეში გადის. პირველი ე.წ. ამერიკული FARA კანონია, რომელიც უბრალოდ, ახალი “რუსული კანონია”, რომელიც მეტ ძალაუფლებას აძლევს ხელისუფლებას, რომ შეზღუდონ და შეაკაონ არასამთავრობო ორგანიზაციები. მეორეს სისხლის სამართალში ხელახლა შემოაქვს “სახელმწიფო ღალატის” მუხლი, რაც საბჭოთა დროს არსებობდა. მესამე ზღუდავს მედიას და მათ დამატებით შეზღუდვებს უწესებს ფინანსურ კონტროლზე, ასევე, კონტენტის კონტროლზე. ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა. ეს აჩვენებს სისწრაფეს, რომლითაც შეთანხმებული პარლამენტი და მთავრობა ახორციელებენ სახელმძღვანელოს, რომელიც აშკარად საქართველოში არ არის დაწერილი, ვინაიდან, ისინი მხოლოდ ერთ პარტიას და ერთ კაცს, ბატონ ივანიშვილს, წარმოადგენენ.
ასევე მნიშვნელოვანი აღნიშვნა, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტიც არ არსებობს. ყველა ინსტიტუტი ერთპარტიულმა მმართველობამ დაიპყრო, ისინი ახდენენ ყველა ადამიანის ნომინაციას - სასამართლოებში, უზენაეს სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოში, ცენტრალურ ბანკში, რომელსაც გუშინ შეხვედრა ჰქონდა ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან, ყველა სარეგულაციო კომისიაში, რომელთაგან ერთ-ერთი მედიის რეგულაციას ახდენს. ასე რომ, ეს სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ მოქცევაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.