ესპანეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სამდღიანი ოფიციალური გლოვა გამოცხადდა. გლოვა 29 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდში სახელმწიფო შენობებსა და სამხედრო-საზღვაო ძალების გემებზე ეროვნული დროშა დაშვებული იქნება.
ამასთან, მატარებლის მემანქანეებმა 29 ოქტომბერს 24-საათიანი გაფიცვა დაიწყეს. პროფკავშირი სარკინიგზო უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და ხელისუფლებისა და რკინიგზის კომპანიების მიერ ადრე აღებული ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს.
ესპანური მედიის ცნობით, გაფიცვა კომპანია Renfe-ს ჯგუფში შემავალ ყველა კომპანიას მოიცავს. აქცია მძიმე სარკინიგზო ავარიის მომდევნო დღეს იმართება, თუმცა გაფიცვა 16 ოქტომბერს, ავარიამდე დაიგეგმა.
მემანქანეთა პროფკავშირი Semaf-ის განცხადებით, გაფიცვის მიზეზი სარკინიგზო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად შეთანხმებული ზომების განხორციელების შეფერხებაა. პროფკავშირი მოითხოვს რისკის შემცველ სიტუაციებში მოქმედი პროცედურების გაუმჯობესებას, მეტ კომუნიკაციას უსაფრთხოების საკითხებზე, ახალი მემანქანეების დაქირავებასა და მატარებლების ტექნიკური საიმედოობის პრობლემების მოგვარებას.
გაფიცვის გამო მატარებლების მოძრაობა მთელი დღის განმავლობაში შეფერხებულია.
შეგახსენებთ, მადრიდიდან სევილიისკენ მიმავალი ორი სწრაფმავალი მატარებელი ერთსა და იმავე ლიანდაგზე მოძრაობდა. პირველი, კერძო ოპერატორ Iryo-ს მატარებელი, რომელშიც 147 მგზავრი იმყოფებოდა, კომპიუტერული გაუმართაობის გამო გზაში გაჩერდა.
ტრანსპორტის მინისტრის, ოსკარ პუენტეს თქმით, ასეთ შემთხვევაში მატარებლების მართვას მადრიდის 24-საათიანი ცენტრი იღებს თავის თავზე. მისივე განმარტებით, ცენტრმა „აუხსნელი“ გადაწყვეტილება მიიღო და მატარებლებს სიჩქარის შეზღუდვის გარეშე გზის გაგრძელება დაავალა. შედეგად, უკან მომავალი სახელმწიფო კომპანია Renfe-ს მატარებელი, რომელშიც 397 მგზავრი იმყოფებოდა, გაჩერებულ Iryo-ს მატარებელს უკნიდან დაეჯახა. დაიღუპა, სულ მცირე, 68 ადამიანი. მსხვერპლთა დიდი ნაწილი კი ჯერ ისევ არ არის იდენტიფიცირებული.