შეიქმნას პროევროპული პარტიების მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა.
"მიზნის მისაღწევად საჭიროა ქუჩის პროტესტთან ერთად ბრძოლას, მასთან შეჯერებით მიეცეს პოლიტიკური ფორმატი, ამიტომ შევთავაზე [ოპოზიციურ პარტიებს] და დღეს თქვენს წინაშე საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა. ამ პლატფორმის მთავარი პრინციპია, რომ იგი ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომელიც მზად არის გვერდზე გადადოს პოლიტიკური შეუთავსებლობები და ბოლომდე გაიზიაროს პროტესტის ორივე მთავარი მიზანი: დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები.
ამ მიზნების მისაღწევად წინააღმდეგობის პლატფორმა თანხმდება, რომ შეაჯეროს პოლიტიკური პოზიციები, რათა კოორდინირებულად, ანუ უფრო ეფექტურად ამხილოს და დაუპირისპირდეს რეჟიმს და მის ქმედებებს, წინააღმდეგობა გაუწიოს რეჟიმის მცდელობას გაანადგუროს საქართველოს განვითარების ყველა პერსპექტივა და ევროპული მომავალი. პლატფორმა მოამზადებს შეთანხმებულ პოლიტიკურ პოზიციებს ქვეყნის შიგნით და გარეთ გასატანად.
კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ეგიდით შეიკრიბებიან პლატფორმის მონაწილე სუბიექტები, შეაფასებენ პოლიტიკურ გამოწვევებს, შეაჯერებენ პოზიციებსა და შესაძლო ქმედებებს. ამის შესახებ საზოგადოება სრულად და მყისიერად იქნება ინფორმირებული და მჭიდრო კომუნიკაცია დამყარდება სამოქალაქო საზოგადოებასთან და პროტესტის მონაწილე ჯგუფებთან, რათა ერთობლივი სტრატეგია იყოს მიღწეული.
წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილე პარტიები თანხმდებიან არჩევნების ახალ პირობებზე და ხმების ერთიანად და ეფექტურად დაცვის მექანიზმის აუცილებლობაზე. მზადყოფნა არჩევნებისთვის, მიუხედავად იმისა, როდის დაინიშნება, ჩვენი მოვალეობაა. მმართველმა პარტიამ ვერ უნდა შეძლოს და გაატაროს თავისი მორიგი სცენარი, მოულოდნელად დანიშნოს არჩევნები უცვლელი მოცემულობით და გაყალბების შესაძლებლობაც ამით შეინარჩუნოს. ჩვენი პასუხისმგებლობაა დროულად მოვემზადოთ და საზოგადოებასთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად დაუყოვნებლივ შევუდგეთ დამკვირვებლების მასობრივ გადამზადებას, რათა ეფექტურად დავიცვათ თქვენი, ჩვენი ხმები.
პარტიული საქმიანობა ამ შემთხვევაში უნდა ექვემდებარებოდეს საერთო ინტერესებს და გამარჯვების მიზანს. საერთაშორისო ასპარეზზეც აუცილებელია მეტი კოორდინაცია, ამიტომ ვგეგმავთ ერთიანი კალენდრის შექმნას, კოორდინირებულ ვიზიტებსა და გზავნილებს. პარტიები, რომლებიც თანხმდებიან წინააღმდეგობის პლატფორმის მონაწილეობაზე,
აღიარებენ ქართულ ქარტიას და მხარს უჭერენ მას, როგორც სამომავლო პროგრამას, რომლის მეშვეობით საქართველოს დროულად დავაბრუნებთ დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.