მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ანრი კვარაცხელია პატიმრობაში დატოვა - დღევანდელ პროცესზე სინდისის პატიმრის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.
ბრალდების მხარე კვარაცხელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის ისევ ძალაში დატოვებას, ადვოკატი კი, მის გაუქმებას ითხოვდა.
კვარაცხელიას რეჟიმი პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან.
დღევანდელ სხდომაზე 2 მოწმე - სახანძრო ექსპერტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი დეტექტივი გამოიკითხა.
"პოლიციელი, რომელიც დაკითხა ბრალდების მხარემ, რეალურად დაცვის მხარის სასარგებლო ინფორმაციას აწვდის მოსამართლეს. ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, ანრი კვარაცხელიას საქმეში არის ორი ვიდეო. ერთ ვიდეოში ნამდვილად უჩანს სახე და მეორე ვიდეო, რომელიც არ ვიცით როდისაა გადაღებული, საერთოდ არ ჩანს ადამიანი, რომელიც ისვრის დაახლოებით მსგავს საგანს როგორიც მოლოტოვის კოქტეილია.
პოლიციელი, ვინც იყო დღეს მოსული და თქვა, რომ მე გადმომეგზავნა ვიდეო, ფოტო მასალა და ვიცანი ანზორ კვარაცხელია. გადაუგზავნეს ის ვიდეო, სადაც ჩანს ნამდვილად რომ ეს არის ანზორ კვარაცხელია, უჩანს იერსახე, და ის ვიდეო, რომელზეც ექსპერტს აქვს დაწერილი, რომ ვითომ ანზორ კვარაცხელიაა, რატომღაც არ გადაუგზავნეს" . - განაცხადა კვარაცხელიას ადვოკატმა.
პროკურორის განცხადებით, იმისთვის რომ ქმედება ჩაითვალოს პოლიციელზე თავდასხმას, არ არის აუცილებელი, პოლიციელს მიადგეს რაიმე ზიანი.
ანრი კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, 1-ელ დეკემბერს, აქციაზე კვარაცხელია თავს დაესხა გდდ-ს თანამშრომელს და მისი მისამართით, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კვარაცხელიას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.