ორშაბათს საღამოს რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო ძალების, მონიტორინგის არხებისა და კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, 21:41 საათზე მოსახლეობა უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქიდან ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის შესახებ გააფრთხილეს.
ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია ჩერნიჰოვის ოლქის მხრიდან კიევისკენ მოძრავი რაკეტების შესახებ. რამდენიმე წუთში დედაქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა.
კლიჩკოს განცხადებით, კიევის დესნიანსკის რაიონში ერთ-ერთი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმის ქვეშ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც მოექცა.
„წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები“, - დაწერა კლიჩკომ.