სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „სტუდენტური სიის“ წარმომადგენლის, პროფესორ იოვო ბაკიჩის განცხადებით, სერბეთის ახალი მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს.
ბაკიჩის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ისეთი პატარა ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციები, როგორიც სერბეთია, არაფერს შეცვლის, თუმცა თავად სერბეთს ზიანს მიაყენებს.
"ისეთი პატარა ქვეყნის მიერ, როგორიც სერბეთია, სანქციების დაწესება, რუსეთისთვის არაფერს შეცვლის, თუმცა სიმბოლურად ძალიან ცუდი იქნება“, - განაცხადა ბაკიჩმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სერბეთი რუსეთს მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს და მოსკოვის მიმართ პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს.
„ჩვენ პატივს ვცემთ რუსეთს, როგორც დიდ სახელმწიფოს, ისტორიულად მნიშვნელოვან პარტნიორს და, ხშირ შემთხვევაში, როგორც ჩვენს დამცველს. ამ მხრივ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები არ იქნება“, - განაცხადა ბაკიჩმა.
ბაკიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბებმა გაერო-ს სანქციები საკუთარ თავზე გამოსცადეს და კარგად იციან, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხება რუსულ ენერგორესურსებს, რომლებზეც სერბეთია დამოკიდებული, და ევროკავშირის ზეწოლას, რომ ბელგრადმა მათზე უარი თქვას, ბაკიჩის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლების პრიორიტეტი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს.
„ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ უცხოელებს ვასიამოვნოთ, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედოთ“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, „სტუდენტურ სიაში“ არიან ენერგეტიკის საკითხების ექსპერტები, რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებენ.