უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას მხარი დაუჭირა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეჩერების წინადადებას. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით Bloomberg იუწყება
სააგენტომ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ გააფართოებენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესახებ მუშაობას.
აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, სატელეფონო საუბარმა ძალიან კარგად ჩაიარა. მისივე თქმით, საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა მის გუშინდელ საუბარს ვლადიმირ პუტინთან.
"ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. საუბარი დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. საუბრის დიდი ნაწილი ეხებოდა გუშინდელ ზარს პრეზიდენტ პუტინთან, რათა შევაჯეროთ რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნები და საჭიროებები. ჩვენ ნამდვილად სწორ გზაზე ვართ". - თქვა ტრამპმა.
18 მარტს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დონალდ ტრამპი გამოვიდა წინადადებით, რომ კონფლიქტის მხარეებმა 30 დღით ორმხრივად შეიკავონ თავი ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშებისგან.
დონალდ ტრამპმა ლაპარაკის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ლიდერებს შორის საუბარი "ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო".