კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა ამერიკულ ტელეკომპანია NBC-ის ინფირმაციაზე იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი რუსეთის თხოვნით მაღალი დონის მოლაპარაკებებიდან მოხსნეს.
„არა, ვერ დავადასტურებ. ალბათ აბსურდი იქნება ვიფიქროთ, რომ რუსულ მხარეს შეუძლია ჩაერიოს ამერიკის საშინაო საქმეებში: ჩვენ ამის განზრახვა არ გვაქვს. ურთიერთპატივისცემიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ჩავერევით ამერიკელების საშინაო საქმეებში. მათი გადასაწყვეტია ვინ დანიშნონ და ვინ არა. ამიტომ, არა: მე ამის დადასტურება არ შემიძლია”, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, NBC News ორ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში, კიტ კელოგი, მაღალი დონის მოლაპარაკებებიდან მოხსნეს, მას შემდეგ, რაც კრემლმა განაცხადა, რომ არ სურდა მისი მონაწილეობა.
რუსი ოფიციალური პირის თქმით, რომელიც NBC News-ს ესაუბრა, ვლადიმირ პუტინი კელოგს „უკრაინასთან ზედმეტად დახლოებულ პირად“ მიიჩნევს.