ირანმა სპარსეთის ყურეში წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო კაბელებზე თავდასხმის დეტალური გეგმები შეიმუშავა იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ და ისრაელი ირანზე თავდასხმას განაახლებენ. ამის შესახებ Reuters-ი ირანის უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, სად და რა გზით შეიძლება ირანმა მსგავსი დარტყმები განახორციელოს.
ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ირანზე თავდასხმის შემთხვევაში თეირანი ასევე შეეცდება, ხელი შეუშალოს დაზიანებული კაბელების შეკეთებას, რათა კავშირსა და ინტერნეტზე შეფერხებები რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.
„თუ ირანს თავს დაესხმებიან, წითელი ხაზები აღარ იარსებებს - არც წყალქვეშა კაბელების და არც სამხედრო ბაზების, მათ შორის, საიდუმლო ბაზების შემთხვევაში“, - განაცხადა წყარომ.
მანამდე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილემ, იადოლა ჯავანიმ განაცხადა, რომ თუ დარტყმის სამიზნე ირანის ინფრასტრუქტურა გახდება, თეირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის რაიონში მდებარე შვიდ მსხვილ ინტერნეტკაბელზე მიიტანოს იერიში.