შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წამყვანმა დემოკრატმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას წარადგინეს MEGOBARI აქტიი. ნათქვამია კომიტეტის მიერ გავრცელებულ პრესკომუნიკეში.
MEGOBARI - Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“.
"ეს ორპარტიული აქტი მხარს უჭერს საქართველოს ხალხს, რადგან მათი მთავრობა კვლავ აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიანი მომიტინტეების მიმართ და [აქტი] კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი", - წერია კომუნიკეში.
"საქართველოს მეგობრები მთელ მსოფლიოში შოკირებულნი და შეძრწუნებულნი არიან ხელისუფლებაში ავტორიტარიზმის აღზევებით და პროდემოკრატილი დემონსტრანტების ძალისმიერი დარბევით", - განაცხადა სენატორმა რიშმა.
ჯიმ რიშის თქმით, კანონპროექტი ძლიერი გზავნილია, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს, ვინაიდან ისინი იბრძვიან თვითგამორკვევის უფლებისთვის და მისცემს აშშ-ის ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს ქართველებს, აღადგინო თავიანთი პოლიტიკური სისტემის სამართლიანობა.
"მოხარული ვარ, ხელახლა წარვადგინოთ ეს ორპარტიული აქტის პროექტი თავმჯდომარე რიშთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს ქართული ოცნების მთავრობის მიერ კონსტიტუციური დარღვევებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის ფონზე", - თქვა სენატორმა შაჰინმა.
"იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელს რეგიონში, ჩვენ არ შეგვიძლია ზურგი შევაქციოთ მთავარ პარტნიორს, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ. მოუთმენლად ველი თავმჯდომარე რიშთან მუშაობას, რათა ამ კანონპროექტს სწრაფად მიეცეს წინსვლა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში."
MEGOBARI აქტი:
გულისხმობს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების სრული გადახედვის, მათ შორის მხარდაჭერის ყველა პროგრამის სრულ გადახედვას;
აღიარებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ;
მოუწოდებს პრეზიდენტს, სანქციები დაუწესოს ქართული ოცნების მესვეურებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში და ძირს უთხრიან საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არყევენ საქართველოს სტაბილურობას;
გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, როდესაც საქართველო დაუბრუნდება თავის კონსტიტუციურ ვალდებულებებს;
გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რუსეთის განგრძობადი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მუშაობს ქართველი ხალხისა და საქართველოს კონსტიტუციის დასაცავად ქართული ოცნების ხელისუფლების ბოროტმოქმედებისაგან.