რუსმა ოლიგარქმა, რომელიც არის დემოკრატიული სამყაროს მხრიდან სანქცირებული იმის გამო, რომ ემსახურება საქართველოს ოკუპანტის ინტერესებს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, გადაწყვიტა, ხელქვეითების მეშვეობით განახორციელოს ფინანსური ტერორი და რეპრესიები საქართველოს პატრიოტი, გამბედავი მოქალაეების მიმართ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცლიშვილმა განაცხადა.
„ივანიშვილი ფიქრობს, რომ რუსული მეთოდებით გატეხს ქართველი ხალხის დაუღალავ ბრძოლას ამ ქვეყნის დამოუკიდებელი და ევროპული მომავლისთვის. ჩვენ გვინდა, საჯაროდ განვაცხადოთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გამოწერილ ამ ჯარიმებს ჩვენ აღვიქვამთ, როგორც უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას და ვიღებთ ამას, როგორც დადასტურებას ჩვენი პატრიოტიზმისა და ერთგულების ამ ქვეყნის ევროპული მომავლის. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ივანიშვილის ხაზინა შევავსოთ და ვაპირებთ იმას, რომ, ქართველ ხალხთან ერთად, ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინტრუმენტების სამართლიანობა არ არის დღეს გარანტირებული, ყველა სამართლებრივი გზა, ყველა ინსტანცია გამოვიყენოთ, რომ რეჟიმს, რომელმაც გადაწყვიტა, მოქალაქეების რეპრესიებით გააჩეროს პროტესტი, გავუჩინოთ თავსატეხი და ძალიან სერიოზული ბიუროკრატიული ხასიათის. იქით შევუტრიალოთ ბრძოლა, რომელსაც ისინი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებენ. მინდა, დღეს მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს – არ შეგეშინდეთ, ჩვენ ვიქნებით თქვენ გვერდით ყველა ინსტანციაში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისე სასამართლოებში, რომ გავასაჩივროთ ეს არაკანონიერი და უსამართლო ჯარიმები, დაგეხმარებით თითოეულ თქვენგანს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
„მინდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოვაცხადო საერთო ცხელი ხაზის ნომერი, რომელიც არის პროდასავლური პოლიტიკური ძალების ერთობლივი ძალისხმევა: 2 05 26 44. მოგვმართეთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან ამ უკანონობაში, ჩვენ ყველა ამ ინსტანციას გავივლით, რათა დეტალური მტკიცებულებები შეიქმნას თითოეული იმ პოლიციელის, თითოეული იმ გამომძიებლის, თითოეული იმ მოსამართლის სამართალდარღვევის და უკანონობის შესახებ, რომლებიც დღეს რუსი ოლიგარქის ბრძანებებს ასრულებენ. არჩევნების შემდგომ, როდესაც აღდგება საქართველოში კანონისა და კონსტიტუციის მოქმედება, თითოეულ ამ ადამიანს მოუწევს დანაშაულებრივი მოქმედებებისთვის ქართული მართლმსაჯულების პირისპირ წარდგომა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.