ჩხრეკა სპორტული კომენტატორის სახლში - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დაზარალებული ქალის გამოკითხვის ოქმს ასაჯაროებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, გამოძიებას პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, დაზარალებული ქალის საჩივრის საფუძველზე აწარმოებს.
გამოძიებით დგინდება, რომ 2022 წლიდან, დაზარალებულ ქალბატონს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ყალბი გვერდიდან უცნობი პირი წერდა, რომელმაც დაარწმუნა, რომ მისი ნაცნობი იყო, რომელთანაც წარსულში ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა.
კომუნიკაციისას, უცნობი პირი დაზარალებულს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის გადაგზავნას სთხოვდა, ხოლო მოგვიანებით, როდესაც დაზარალებულმა გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტოების და ვიდეოების წაშლა მოსთხოვა, პირმა წაშლის სანაცვლოდ შეხვედრა და ინტიმური კავშირის დამყარება შესთავაზა.
საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულის მიერ სხვადასხვა დროს გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაციითა და „META“-დან მიღებული მასალებით დადგინდა მისამართები, რომლებზეც რეგისტრირებული ყალბი პროფილები ა.ც.-ის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილის მისამართებს ემთხვევა.
აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, ჩატარდა ა. ც.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება.
