ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ განაცხადა, რომ ქვეყანა 2025 წელს უკრაინას 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს ჰუმანიტარული და სამოქალაქო საჭიროებისთვის. ამის შესახებ მან უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით კიევში პარტნიორ ქვეყნებთან შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.
სტიორემ ოფიციალურად გამოაცხადა ნორვეგიის მთავრობის მიერ წინა დღეს დააანონსებული დახმარება.
მან დააკონკრეტა, რომ მოისმინა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა ენერგეტიკის სექტორში მხარდაჭერის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც, მისი თქმით, „300 მილიონი ევროს ენერგეტიკული მხარდაჭერის პაკეტი გამოიყოფა“.
როგორც ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა, სამოქალაქო დახმარება 12,5 მილიარდი ნორვეგიული კრონის [დაახლოებით 1 მილიარდი ევრო] ოდენობით განაწილდება შემდეგ სფეროებში: ენერგოუსაფრთხოება და ენერგომომარაგება, მათ შორის ბირთვული უსაფრთხოება და გაზის შესყიდვა; ჰუმანიტარული დახმარება; ოპერატიული მხარდაჭერა და რეაბილიტაცია; ბიზნესისა და კერძო სექტორის განვითარება; სამოქალაქო საზოგადოება.