ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ოსკარ პუენტემ ტოლედოს პროვინციაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის ფონზე, რომელსაც 74 ადამიანი ემსხვერპლა, თანამდებობიდან გადადგომის შესაძლებლობა გამორიცხა.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას El País ავრცელებს.
შესაძლო გადადგომის შესახებ კითხვის საპასუხოდ მინისტრმა აღნიშნა, რომ იზიარებს მთავრობის შეშფოთებას ერთ წელზე ნაკლებ დროში მომხდარი ორი ავარიის გამო, თუმცა მიიჩნევს, რომ „წასვლა ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნებოდა“.
პუენტემ არაერთხელ აღნიშნა, რომ გადადგომის საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
„მე უმნიშვნელო ფიგურა ვარ იმ პოლიტიკური პროექტისთვის, რომლის ნაწილიც ვარ. ახლა ჩემი ამოცანაა, აღმოვფხვრა გამოვლენილი ხარვეზები და მგზავრებს რკინიგზის მიმართ ნდობა დავუბრუნო“, - განაცხადა ტრანსპორტის მინისტრმა ჟურნალისტებთან.
პუენტემ უარყო, რომ ტოლედოს პროვინციაში მომხდარ ავარიაზე პასუხისმგებლობას სარკინიგზო სისტემის თანამშრომლებს აკისრებს.
„არ ვაპირებ, რომელიმე თანამშრომელი თავის დასაცავ ფარად გამოვიყენო“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, გამოძიების პროცესში მოქმედება „მკაცრად და თანაზომიერად“ უნდა მოხდეს.
როგორც ცნობილია, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კვლავ მხარს უჭერს ტრანსპორტის მინისტრ ოსკარ პუენტეს, რომელიც ურდაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ კრიტიკის ცენტრში მოექცა.
შეგახსენებთ, 28 ოქტომბერს, დილით, ტოლედოს პროვინციაში, ქალაქ ურდასთან ახლოს, ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. მატარებლებში 540-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
კატასტროფის სავარაუდო მიზეზად სიგნალიზაციის სისტემაში შეფერხებაზე რეაგირებისას დაშვებული ადამიანური შეცდომა სახელდება.
ბოლო მონაცემებით, ავარიას 74 ადამიანი ემსხვერპლა.