აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი PAC-3 ტიპის რაკეტების შესაძლო მიყიდვის შეთანხმება დაამტკიცა.
ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენეტი ავრცელებს.
შეთანხმების სავარაუდო ღირებულება 2.1 მილიარდი დოლარია. თანხას სრულად უკრაინის პარტნიორები და მოკავშირეები დაფარავენ.
უკრაინის მთავრობამ PAC-3-ის 500 რაკეტის შესყიდვის თხოვნით მიმართა აშშ-ს. მიწოდება ასევე ითვალისწინებს PAC-3 MSE-ის კონფიდენციალურ და არაკონფიდენციალურ სათადარიგო ნაწილებს, აგრეთვე ლოგისტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის სხვა თანმდევ კომპონენტებს.
„შემოთავაზებული შეთანხმება ხელს შეუწყობს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მიღწევას პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების დონის ამაღლებით. ეს ქვეყანა ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მამოძრავებელი ძალაა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
უკრაინა შესყიდვას კანადის, გერმანიისა და ნორვეგიის მიერ JUMPSTART-ის პროგრამის ფარგლებში გაღებული თანხებით, ასევე ევროკავშირის უკრაინის მხარდამჭერი სესხით დაფინანსებული ეროვნული სახსრებით გადაიხდის. გარიგებისთვის აშშ-ის თანხები არ იქნება გამოყენებული.
„შეთანხმება გააძლიერებს უკრაინის შესაძლებლობას, გაუმკლავდეს არსებულ და მომავალ საფრთხეებს, მისი ინტეგრირებული საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში.